ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულებს შორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები არიან
60 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. დაღუპულთა უმრავლესობა - 31 ადამიანი - პეკინის გარეუბანში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარი იყო.
პეკინის მერის მოადგილის, სია ლინმაოს ხუთშაბათის განცხადების თანახმად, პეკინში ბოლო კვირის განმავლობაში 44 ადამიანი დაიღუპა, 31 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
სააგენტო Reuters-ის თანახმად, მოხუცებულთა თავშესაფარში ჩარჩენილი ადამიანების შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ორშაბათს მიაწოდეს. ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, სამაშველო სამუშაოებს ხელი ქუჩებში წყლის ნიაღვარმა შეუშალა.
ხელისუფლების ცნობით, ხანდაზმულთა სახლში სულ იმყოფებოდა 69 ბენეფიციარი, რომელთაგან 55-ს გადაადგილება უჭირდა ან ვერ ახერხებდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულებს შორის ხანდაზმულთა სახლის თანამშრომლები.
ბოლო კვირის განმავლობაში პეკინში წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, დაზიანდა 24 000-ზე მეტი სახლი, 242 ხიდი და 756 კმ (470 მილი) სიგრძის გზა, განაცხადა მერის მოადგილემ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.
მეზობელ ჰებეის პროვინციაში ინტენსიური წვიმების შედეგად დაღუპულია 16 ადამიანი.
პეკინის მახლობლად, ქალაქ ჩენდეში, დაღუპულია რვა ადამიანი, 18 კი დაკარგულად ითვლება.
მეტეოროლოგები ამინდის ექსტრემალურ პროცესებს - კოკისპირულ წვიმებსა და ჰაერის მაღალი ტემპერატურას - კლიმატის ცვლილებებთან აკავშირებენ.
2023 წლის ზაფხულში ძლიერმა წვიმამ პეკინში, სულ მცირე, 33 ადამიანი იმსხვერპლა. ათი წლით ადრე, 2012 წლის ივლისში, ქალაქში 79 ადამიანი დაიღუპა გამანადგურებელი წყალდიდობის დროს.