ისრაელს სურს, რომ ღაზაში მძევლების თემა მსოფლიოში “წინა პლანზე” იყოს - გიდეონ საარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ღაზაში მძევლების მდგომარეობა გლობალური დღის წესრიგის პირველ ადგილზე უნდა იყოს. ეს მან თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი სხდომის წინ.
„მსოფლიომ ბოლო უნდა მოუღოს მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების
ფენომენს. ეს მსოფლიოში წინა პლანზე უნდა იყოს“, - განაცხადა საარმა პრესკონფერენციაზე ისრაელში.
„დღეს საღამოს ნიუ-იორკში გავემგზავრები, გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩემი ინიციირებულია და ხვალ (5 აგვისტოს) მძევლების მდგომარეობაზე ვიმსჯელებთ”, - დასძინა მინისტრმა.
2023 წლის ოქტომბერში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი 251 მძევლიდან, რამაც გამოიწვია მიმდინარე ომი ღაზაში, 49 კვლავ პალესტინის ტერიტორიაზეა, მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.
გაეროს სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც ჰამასმა და მისმა მოკავშირე „ისლამურმა ჯიჰადმა“ გასულ კვირას გამოაქვეყნეს სამი ვიდეო, რომლებშიც ორი მძევალი ჩანს. ისინი დასუსტებული და გამოფიტული გამოიყურებოდნენ, რამაც ისრაელში ღრმა შოკი გამოიწვია.
ვიდეოჩანაწერების გავრცელებას ისრაელში მოჰყვა საჯარო დებატების განახლება ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე.
ღაზაში ომი 23 თვეა გრძელდება, განადგურებულია მთელი რეგიონი, დაიღუპა 60 ათასი ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ „შოკირებულია.“
მან თქვა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ომში ხანმოკლე ზავის დროს მძევლების გათავისუფლებას აკონტროლებდა, სთხოვა იქ მყოფი ისრაელელი მძევლების საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
ჰამასის შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯგუფი მზად არის წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მძევლებთან წვდომის შესაძლებლობა მისცეს და სანაცვლოდ მთელ ღაზაში საკვებისა და მედიკამენტების უწყვეტი შეტანა მოითხოვა.
გერმანიის მედია იმოწმებს გაზეთ Haaretz-ს, რომლის თანახმად, ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკა გამწვავდა ისრაელში, სადაც მძევლების ახლობლების ფორუმმა განაცხადა, რომ პრემიერს ისრაელი და მძევლები განადგურებისკენ მიჰყავს.
ისრაელის სამხედრო და უშიშროების სამსახურების 19-მა ყოფილმა წარმომადგენლმა ღაზაში მიმდინარე ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. მათი განცხადებით, რომელსაც ხელს აწერენ ისრაელის ყოფილი პრემიერი ეჰუდ ბარაკი და შინაგანი უშიშროების სამსახურის ყოფილი მეთაური ამი აიალონი, ომს, რომელიც სამართლიანი თავდაცვითი ომის სახით დაიწყო, ისრაელი მიჰყავს უსაფრთხოების და იდენტობის დაკარგვამდე.