„ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა“ - ნინო დათაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს
პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი წერილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ადვოკატებმა 4 აგვისტოს გამოიტანეს.
ნინო დათაშვილი ხალხს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ საკუთარ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს:
„ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს, ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - წერს ნინო დათაშვილი წერილში.
2 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ საქალაქო სასამართლომ ნინო დათაშვილისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამ შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
ნინო დათაშვილი ამბობს, რომ ეს მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ნინო დათაშვილის ადვოკატის თქმით, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც პროკურატურამ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნას დაუდო საფუძვლად, არის 2019 წელს დაწერილი „ფორმა 100“, რომელიც დაცვის მხარემ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე წარადგინა და რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კონკრეტულად ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილების ფონზე თან ერთოდა ემოციური ლაბილობა, ანუ ტკივილზე მგრძნობელობა:
„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც დაცვის მხარემ წარვადგინეთ, რათა სასამართლოსთვის ცნობილი ყოფილიყო, რომ ნინოს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და არ შეეფარდებინათ მისთვის პატიმრობა და ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნინოს დიაგნოზია ხერხემლის დისკის დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ემოციური მდგომარეობა. სხვა არაფერი, არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია პროკურატურას სასამართლოზე, გარდა ამ ფორმა 100-ისა, რომელიც 2019 წელსაა დაწერილი“, - ეუბნება ადვოკატი თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებას.
სამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას, უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოში, როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატი თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.
ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.