Reuters: ვლადიმირ პუტინი არ დაემორჩილება დონალდ ტრამპის ულტიმატუმს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ არ დაემორჩილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმს, რომელსაც პარასკევს გასდის ვადა. მიუხედავად აშშ-ის ახალი სანქციებითა და რუსეთიდან და მისი სავაჭრო პარტნიორებიდან აშშ-ში იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესების მუქარისა, პუტინს კვლავაც გამიზნული აქვს უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრული დაპყრობა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ადრე ტრამპი დაიმუქრა, რომ მკაცრ ზომებს მიმართავს, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ, Reuters-ის წყაროების თანახმად, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი იმარჯვებს და არ მიაჩნია, რომ დამატებითი სანქციები სერიოზულად გააუარესებს სამწლიანი სანქციების პირობებს.
პუტინი არ ცდილობს ტრამპთან ურთიერთობების გამწვავებას და ესმის, რომ უარს ამბობს ვაშინგტონთან და მთლიანობაში დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მაგრამ, როგორც Reuters-ის ორი წყარო აღნიშნავს, მისთვის უმთავრესია სამხედრო მიზნების მიღწევა. თუკი რუსეთი მოახერხებს კონტროლის დამყარებას ოთხ რეგიონზე, რომლებიც მან ფორმალურად უკვე გამოაცხადა თავისად, პუტინი შეძლებს ეს წარმოადგინოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობაში დასახული მიზნების შესრულებად, ამბობს სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრე.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესს, რომლებიც მაისიდან მოყოლებული სამ შეხვედრას მოიცავს, კრემლი განიხილავს მცდელობად, დაარწმუნოს ტრამპი, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე.
მაგრამ რეალური ხელშეკრულებები ჯერჯერობით არ არსებობს გარდა ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმებებისა.
რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინასთან გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ აღიარებს, რომ მხარეების პოზიციები პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან.
კრემლს არ უპასუხია Reuters-ის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე. სააგენტოს ყველა წყარო ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა მას. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინს აშფოთებს აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება. ის კვლავაც იმედოვნებს, რომ რუსეთი შეძლებს დასავლეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენას. მიუხედავად ამისა, ფრონტზე იერიშისა და უკრაინაზე დაწოლის პირობებში, კრემლში ფიქრობენ, რომ ახლა არ არის ომის დასრულების დრო. ასევე აღნიშნავენ, რომ ამის ახსნა ძნელი იქნება რუსეთის არმიისა და საზოგადოებისთვის, თუკი არ იქნება მიღწეული გამოცხადებული მიზნები.
რუსეთის ბლოგერები, რომლებიც ომზე წერენ, აღნიშნავენ, რომ იერიში წინ არ მიიწევს მჭიდროდ დასახლებულ და რთული რელიეფის ტერიტორიებზე, სადაც უპირატესობა ძირითადად უკრაინელთა მხარესაა. მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ სხვა მიმართულებებზე წინსვლა შეიძლება დაჩქარდეს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთის გენერალურმა შტაბმა დაარწმუნა პუტინი, რომ უკრაინის ფრონტი ორ-სამ თვეში „დაიშლება“.
მეორე წყაროს თანახმად, ტრამპის ულტიმატუმი აღიქმება როგორც „მტკივნეული და უსიამოვნო“, მაგრამ არა როგორც კრიტიკული. სააგენტოს მესამე თანამოსაუბრემ დასძინა, რომ მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, რაც მას ადრეც გაუკეთებია. კრემლში ასევე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა, რომ ჩინეთი აშშ-ის ზეწოლის გამო შეწყვეტს რუსეთის ნავთობის შესყიდვას.