„მითხრა, რომ მასზე ნადირობდნენ”, - რა თქვა ანტონ ჩეჩინის ცოლმა სასამართლოში
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე 5 აგვისტოს გამოიკითხა მისი ცოლი მანანა სამხარაძე.
დაცვის მხარის მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ მის ქმარს დაკავებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიციელები უთვალთვალებდნენ, გასული წლის 18 ნოემბერს ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს, რა დროსაც მუქარის მსხვერპლიც გახდა.
„2024 წლის 18 ნოემბერს მომწერა, რომ იყო მიტინგზე... მითხრა, რომ აედევნენ, მასზე ნადირობდნენ... ინსტაგრამზე ვწერდით ერთმანეთს და ამის დამადასტურებელი "სქრინებიც" გვაქვს. მითხრა, რომ პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს, აქცია თბილისის უნივერსიტეტის მიმდებარედ იმართებოდა...” - ჰყვება მანანა სამხარაძე, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა ინსტაგრამზე მიმოწერის ე.წ. სქრინები და ამით ქმართან კომუნიკაციის შესახებ თავისივე მონაყოლი დაადასტურა.
მანანა სამხარაძის მონაყოლის თანახმად, ანტონ ჩეჩინი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებიდან დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ აქციებზე სიარულისთვის თავი დაენებებინა.
რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ის რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.
ჩეჩინი რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, რის შემდეგაც სხვა დემონსტრანტებთან ერთად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ, ანტონ ჩეჩინი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და რუსთაველზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაიწყო სიარული:
„გაჩხრიკეს, დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა აქციებზე სიარული, თორემ ნახავდა, რაც მოუვიდოდა. ისინი დაინტერესდნენ ანტონისა და ჩემი სამუშაო ადგილითაც. ყველაფერი ნახეს ეკრანზე, რადგან ვიცი, რომ ჩემი ფოტო აჩვენეს და დაუსვეს ჩემზე კითხვები. შეამოწმეს მისი ტელეფონი, უთხრეს, რომ ყველაფერი სუფთა იყო. შეადგინეს ოქმი და ანტონმა მისი ასლის გადაცემა მოითხოვა, უარი მიიღო და უთხრეს, რომ წასულიყო”, - ჰყვება მანანა სამხარაძე 18 ნოემბრის ამბავს.
აქედან თითქმის სამ კვირაში, 2024 წლის 3 დეკემბერს, ანტონ ჩეჩინი დილის საათებში სახლთან დააკავეს, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან.
გაჩხრიკეს საცხოვრებელი სახლიც. ამ დროს, მანანა სამხარაძის თქმით, სახლში იყვნენ მისი დედა და ბებია. ანტონ ჩეჩინის დაკავების შესახებ კი სამსახურიდან სახლში მისულმა შეიტყო. დაურეკა გამომძიებელ ემილ კუპრავას, რომელმაც პირადი ნომერი სახლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ჩეჩინის ოჯახის წევრებს გადასცა:
„ემილ კუპრავამ მითხრა, რომ ორ კვირაზე მეტია შემჩნეული ჰყავდათ [ანტონ ჩეჩინი] ნარკოტიკების თემაზე და მას უთვალთვალებდნენ. მაშინვე დავაკავშირე 18 ნოემბერთან, როცა დააკავეს და დაემუქრნენ, ზუსტად ემთხვეოდა ორ კვირაზე ცოტათი მეტ პერიოდს. აშკარა იყო, რომ აქციებზე შეამჩნიეს, ეს თავადაც იცოდა და ამიტომ შეუძლებელია, რომ ჯიბეში ნარკოტიკით ევლო... მაშინვე ვთქვი, რომ აქციების გამო ნარკოტიკი ჩაუდეს-მეთქი, აქამდე არ მქონდა გაგონილი, რომ ვინმეს ნარკოტიკი ჩაუდეს, ანტონი იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი”, - ამბობს მანანა სამხარაძე.
მან მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას უთხრა, რომ მეუღლის დაკავების დღეს, მას შემდეგ, რაც ჩეჩინი სამსახურში წავიდა და თავად სახლში დარჩა, ფანჯრიდან ბინასთან მდგარი სამი პირბადიანი უცხო კაცი დაინახა. ამის გარდა, დაათვალიერა სადარბაზოში/სთან დამაგრებული ვიდეოკამერები და დაინახა, როგორ გაჰყვა უცხო კაცი ანტონ ჩეჩინს სადარბაზოს დატოვებისთანავე.
ადვოკატმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადასცა ამის ამსახველი დისკი და საქმეზე დართვა მოითხოვა. მან არგუმენტად მოიყვანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე ნაწილები, რომლებშიც წერია, რომ დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
მოსამართლემ ტელეფონიდან ამოღებული ე.წ. სქრინები საქმეს დაურთო, ვიდეო - არა. მისი თქმით, "სქრინებით" მოწმემ იხელმძღვანელა, ვიდეოთი კი არა.
იმავეს იმეორებდა პროკურორი შმაგი გობეჯიშვილიც. ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ სასამართლო და ბრალდების მხარე ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და მაგალითად ჯგუფური ძალადობის ის საქმე მოიყვანა, რომელშიც რვა ადამიანია ბრალდებული. ამ საქმეზე ვიდეო, რომელსაც დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის ხმა ახლავს, საქმეს დაურთეს, რადგან მას მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი თან უსმენდა და თან კითხვებს პასუხობდა.
„არ მეგონა, თუ პროკურატურის პოზიცია ზოგადად ნებისმიერ საქმეზე იქნებოდა ორაზროვანი და ორმაგი სტანდარტის მატარებელი. თქვენთვის ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე ზუსტად ამ მუხლის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ვიდეოს დართვა, თუ არ დაურთავთ, ეს იქნება არათანმიმდევრული ნაბიჯი. სხვა საქმეზე თუ გამოიყენება ეს მუხლი, აქ რატომ არ უნდა გავრცელდეს? თუ რაღაც პროკურატურისთვის დასაშვებია და ჩვენთვის არ არის დასაშვები? ეს ჩემთვის ორმაგი სტანდარტის საფუძველს ტოვებს”, - თქვა ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას აცილება მოითხოვა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ქალბატონი მანანას მიერ გამოყენებული იყო ეს ორი "სქრინი", შესაბამისად, ეს ორი დოკუმენტი გამოყენებული იქნა თქვენს მიერ და დაურთავს სისხლის სამართლის საქმეს, რაც შეეხება დისკს, რა გამოყენება ჰქონდა მას ამ საქმეზე და რატომ უნდა დავურთო? 115-ე მუხლის შინაარსში ასე არ ხდება. არ ვიცი სხვა საქმეზე რა ხდება, რა პრეცედენტი და წინაპირობა იყო, ისიც არ ვიცი, რა პოზიცია ჰქონდა ბრალდების მხარეს”, - თქვა ჯვებე ნაჭყებიამ.
მოწმეს კითხვები პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმაც დაუსვა. მისი კითხვებიდან და მოწმის პასუხებიდან გაირკვა, რომ მანანა სამხარაძე 5 აგვისტოს სასამართლოში მოჰყვა ისეთი დეტალებს, რომლებიც დაკითხვისას არ უხსენებია. მათ შორის:
განყოფილებაში მუქარა 2024 წლის 18 ნოემბერს;გამომძიებელ ემილ კუპრავას სიტყვები, რომ ანტონ ჩეჩინს ორ კვირაზე მეტია უთვალთვალებენ;ფანჯრიდან კორპუსის ეზოში დანახული სამი პირბადიანი უცხო მამაკაცი.
„რატომ დაუმალეთ ადვოკატს?” - პროკურორის ამ კითხვას მანანა სამხარაძემ უპასუხა, რომ „ძალიან განერვიულებული იყო მომხდარით და ასეთი დეტალები თავიდანვე ვერ დაალაგა, ვერ მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო”.
ადვოკატის პროტესტის შემდეგ, შმაგი გობეჯიშვილმა თქვა, რომ მოწმის სანდოობას ამოწმებს.
26 წლის ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმე „შეკერილია“, ანტონ ჩეჩინს „ნარკოტიკი ჩაუდეს“ და მისი დაკავების მთავარი მოტივი „პოლიტიკური შურისძიებაა“, რადგან ანტონ ჩეჩინი რუსეთშიც პოლიტიკური დევნილი იყო - ჯერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნავალნის მხარდაჭერის გამო, შემდეგ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო კამპანიაში მონაწილეობისთვის; საქართველოში წამოსვლის შემდეგ კი ქართველების მიერ ორგანიზებული პროევროპული და ანტირუსული დემონსტრაციების მხარდამჭერია.
ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, ანტონ ჩეჩინი პროცედურული დარღვევებით დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს.