რუსული წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია
6 აგვისტოს დილით მოსკოვში დაეშვა თვითმფრინავი, რომელშიც, სავარაუდოდ, იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს ავიადისპეტჩერებზე დაყრდნობით.
მანამდე გამოცემა „რბკ“ ავიამიმოსვლის მონიტორინგის სერვისის, FlightRadar-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ თვითმფრინავი Bombardier Global 7500, რომელშიც, სავარაუდოდ, უიტკოფი იმყოფება, რუსეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის შევიდა.
თვითმფრინავი, რომელიც ფლორიდიდან გამოფრინდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.
უიტკოფი შეხვდება რუსეთის ოფიციალურ პირებს, წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინსაც.
სტივ უიტკოფი რუსეთში იმყოფებოდა 2025 წლის მარტსა და აპრილშიც. ის პუტინს შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6 ან 7 აგვისტოს ჩავა.
4 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კვირაში პრეზიდენტ პუტინის და უიტკოფის შეხვედრა გამორიცხული არ არის.
5 აგვისტოს დასავლეთის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ უიტკოფი პუტინს 6 აგვისტოს შეხვდება.
ამ კვირაში იწურება ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.28 ივლისს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს 10-12 დღემდე.29 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო.31 ივლისს, კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებს აამოქმედებს, თუ რუსეთი 8 აგვისტოსთვის არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.