ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა „კატასტროფა“ უწოდა ქალაქ ღაზის დაპყრობის გეგმას
ისრაელის ლიბერალური ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა მწვავედ გააკრიტიკა უსაფრთხოების კაბინეტის გადწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმას.
ლაპიდმა უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დღეს, 8 აგვისტოს დამტკიცებულ გეგმას უწოდა „კატასტროფა“, რომელიც „ბევრ სხვა კატასტროფას გამოიწვევს“. ლაპიდის განცხადებით, ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების ოპერაციას მოჰყვება მძევლების და ისრაელის არმიის ბევრი სამხედროს დაღუპვა.
ოპოზიციის ლიდერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა იმაში, რომ კოალიციური მთავრობის ულტრამემარჯვენე მინისტრების გავლენის ქვეშ მოექცა.
8 აგვისტოს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა The Times of Israel-ი წერს, კაბინეტმა ნეთანიაჰუს წინადადებას მხარი დაუჭირა, მიუხედავად ისრაელის თავდაცვის არმიის გაფრთხილებისა, რომ ეს ოპერაცია საფრთხეს შეუქმნის ჰამასის ტყვეობაში დარჩენილ მძევლებს და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
გამოცემის თანახმად, ოპერაციის გამო საჭირო გახდება მასობრივი ევაკუაცია ქალაქ ღაზიდან, სადაც დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ისრაელის თანახმად, ამჟამად მისი სამხედროები ღაზის სექტორის 75%-ს აკონტროლებენ. საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელისგან სულ უფრო მკაცრად მოითხოვს ომის დასრულებას.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200 ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას პასუხად მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და ბლოკადა, რამაც დიდი მსხვერპლი, უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფა და შიმშილი გამოიწვია. საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევის მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ავტონომიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.