ირანი აცხადებს, რომ ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს 21 000 „ეჭვმიტანილი“ დააკავა
ირანის პოლიცია აცხადებს, რომ ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს 21 000-მდე „ეჭვმიტანილი“ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.
13 ივნისს, ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს დაპატიმრებების ფართომასშტაბიანი კამპანია, რასაც თან ახლდა ქუჩებში საკონტროლო პუნქტების გაძლიერება. ამუშავდა "ცხელი ხაზიც", რომელზეც მოქალაქეებს შეეძლოთ ეცნობებინათ ნებისმიერ პირზე, რომელიც, მათი აზრით, საეჭვოდ იქცეოდა.
„მოქალაქეების მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა, რამაც 12-დღიანი ომის დროს 21 000 ეჭვმიტანილის დაკავება გამოიწვია“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა საიდ მონტაზეროლმაჰდიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რაში ედებოდათ ბრალი დაკავებულებს, თუმცა თეირანს ადრე უხსენებია პირები, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც შემდეგ ისრაელს თავდასხმების ორგანიზებაში დაეხმარა.
ისრაელ-ირანის კონფლიქტმა ასევე გამოიწვია ირანში არალეგალურად მყოფი ავღანელი მიგრანტების დეპორტაციის ტემპის დაჩქარება. ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზოგიერთი ავღანელი მოქალაქე ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა.
„სამართალდამცავებმა 2774 არალეგალური მიგრანტი დააკავეს და მათი ტელეფონების შემოწმების შედეგად 30 საქმე აღძრეს. ასევე დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 261 და არასანქცირებული გადაღების ბრალდებით დაკავებული 172 პირი“, - დასძინა პრესსპიკერმა.
მონტაზეროლმაჰდის არ უთქვამს, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს დაკავების შემდეგ.