დმიტრი მედვედევმა ალასკის სამიტის პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ამ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა ალასკის სამიტის „პირველი შედეგები" - თავისი მოსაზრებები რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესახებ.
მედვედევის ხუთპუნქტიან დასკვნებში პირველ ადგილზეა რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრების სრულყოფილი მექანიზმი, რომელსაც მედვედევის აფასებს, როგორც „მშვიდს, ულტიმატუმების და მუქარის გარეშე“.
მედვედევის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად მიაწოდა აშშ-ის პრეზიდენტს „უკრაინაში ომის დასრულებისთვის ჩვენი პირობები.“
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თვლის, რომ თითქმის სამსაათიანი საუბრის შედეგად, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა „უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის გამწვავებაზე - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, - წერს მედვედევი თავისი დასკვნების მესამე პუნქტში.
მეოთხე პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რაც შეხვედრამ დაამტკიცა:
„მოლაპარაკება შესაძლებელია წინასწარი პირობების გარეშე და ამავე დროს სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინაში მიმდინარე ომის მოსკოვისეული ოფიციალური დასახელება) გაგრძელებით.“
ბოლო, მეხუთე პუნქტით, მედვედევის აზრით, უმთავრესია, რომ ორივე მხარემ „საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე სამომავლო შედეგების მიღწევის პასუხისმგებლობა კიევს და ევროპას დააკისრა“.
15 აგვისტოს აშშ-ში, ალასკაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მათი შეხვედრის დროს არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის, ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა ამაზე, ვაშინგტონი თვლის, რომ სამიტი იყო "დიდი წინსვლა".
18 აგვისტოს ტრამპი თეთრ სახლში მიიღებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. New York Times-ი იტყობინება, რომ ამ შეხვედრაზე დასასწრებად მიწვეული არიან ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები.