ვინ მიულოცა საქართველოდან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე?
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ.
სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ულოცავს" უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
“საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს”, - წერს ირაკლი კობახიძე.
მილოცვის ტექსტი X-ზე გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინელ ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მილოცვის ვიდეო გაავრცელა, მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ, ეს უკვე მესამედ, გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ, ქართველები და თქვენ, უკრაინელები, კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებინათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც.
თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!", - ამბობს ზურაბიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "არ დამარცხდება" მოსკოვთან ომში. კიევი აღნიშნავს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს.
მასალა განახლებადია