უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ზელენსკი გამოდის პირობით, რომ "არ დამარცხდება" რუსეთთან ომში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "არ დამარცხდება" მოსკოვთან ომში. კიევი აღნიშნავს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს.
"უკრაინას ჯერჯერობით არ გაუმარჯვია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დავმარცხდებით" - ამბობს ზელენსკი 24 აგვისტოს ვიდეომიმართვაში. "უკრაინა მსხვერპლი არ არის; ის არის მებრძოლი" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ამჟამად რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული, არსებობს მხოლოდ "ერთი უკრაინა" - "ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, როგორც ოჯახი" - თქვა მან. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთთან დიპლომატიის რთულ ძალისხმევაზე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ომის დასრულებისკენ განახლებული მოწოდებების ფონზე.
უკრაინა "არასოდეს დათანხმდება დამცირებას, რომელსაც რუსები 'კომპრომისს' უწოდებენ" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა - "ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა, რომლის ფარგლებშიც თავად გადავწყვეტთ ჩვენს მომავალს".
რუსეთმა 23 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში ორ სოფელზე დაამყარეს კონტროლი, 24 აგვისტოს კი აცხადებს, რომ მისი არმია დნეპროპეტროვსკში დაეპატრონა სოფელს. უკრაინის არმია 23 აგვისტოს აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის დასავლეთში მდებარე დასახლება დაიბრუნეს.
მოსკოვმა ასევე გამოაცხადა, რომ ჩაქრობილ იქნა ხანძარი რუსეთის კურსკის რეგიონში მდებარე ბირთვულ სადგურზე - მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის დრონი ჩამოაგდეს.
მიმდინარე თვეში ინტენსიური გახდა ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით, მათ შორის ალასკაში გამართული მაღალი რანგის სამიტით პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.
იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრას ორივე ლიდერმა წარმატებული უწოდა, მას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოჰყოლია.