ბულგარეთი მზად არის 2027 წლის ბოლოდან შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში
ბულგარეთი მზად არის, 2027 წლის ბოლოდან შეწყვიტოს თავისი ტერიტორიის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით.
ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს იღებენ მილსადენით „თურქეთის ნაკადი“. გაზსადენი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა 2020 წლის იანვარში გახსნეს, რუსეთის კრასნოდარის მხარიდან შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთის ევროპულ ნაწილამდე და მოიცავს ორ განშტოებას. ერთი რუსული გაზით ამარაგებს თურქეთს, ხოლო მეორე - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ რუსული გაზის ტრანზიტზე, „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მოქმედი მილსადენია, რომლითაც ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟეჩო სტანკოვმა გამოცემა Politico-ს 29 სექტემბერს განუცხადა, რომ ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, მოქმედებს ევროპული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად და მათ შორის მხარს უჭერს 2027 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარის თქმას. მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2028 წლის 1 იანვრისთვის ევროპაში რუსული გაზის მოხმარება სრულად შეწყდება.
2025 წლის ივნისში ბრიუსელმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვას და ამ პროცესის დასრულებას 2027 წლის ბოლოსთვის. ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს რუსეთიდან იღებენ, იმპორტის შეწყვეტას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ეს შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის ამ ქვეყნებს შეუძლიათ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირება გათხევადებული ბუნებრივი გაზით, რომელიც ევროკავშირს ნორვეგიაში არსებული ტერმინალებიდან მიეწოდება.
ევროკავშირის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსულ გაზზე უარი თქვა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.