გარდაიცვალა ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა დაჭრა და მის დაწვას შეეცადა
დღეს, 2 ოქტომბერს დილით, კლინიკაში გარდაიცვალა 34 წლის ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა.
შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ „დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა“.
ყოფილ ქმარს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
43 წლის ზურა ბურდულს, ქალის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, წარდგენილი ბრალი დაუმძიმდება.