რაჟდენ კუპრაშვილი ასაჩივრებს გორის მოსამართლის გადაწყვეტილებას აქტივისტების ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შეზღუდვის შესახებ
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს 22 სექტემბრის მოთხოვნა გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილის, თეო ბზიშვილისა და ლუკა ხიზაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ამსახველ ინფორმაციაზე წვდომის მიღების შესახებ.
ნინო გერგაულის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა ბიურომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აქტივისტებმა თავიანთ საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც 2 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელი დაუკავშირდა და საჩივრის შინაარსი გააცნო.
თეონა ფანქველაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ ისინი მოძრაობა „ფარისა“ და „ერთობის“ წევრები არიან და აქვთ გაცხადებული „საარჩევნო მიზანი“:
„რაჟდენ კუპრაშვილს 24 სექტემბერს მიუმართავს გორის სასამართლოსთვის, რომ ჩვენი ანგარიშები გამოეთხოვა, ხომ არ გვაქვს მიღებული რაიმე გრანტები და საიდან და რა შემოსავალი გვიფიქსირდება. ასევე გვედავებოდა, რომ თურმე კაპროვანში ვყოფილვართ რაღაც ტრენინგზე, რომელიც „ფარს“ გაუმართავს და ინტერესდება იმ ხარჯებით, თუ რა თანხა დაჯდა ოფისი, კვება და ა.შ.
ამ საჩივრის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. მოსამართლე ნინო გერგაულს ეს მოთხოვნა არ მიუღია წარმოებაში და დღეს სააპელაციო სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სააპელაციოში ჩაინიშნება ზეპირი მოსმენა.
ასევე გვედავება იმას, რომ თურმე ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა და ამას ღიად ვაცხადებთ. მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს გაგვიკეთებია, ერთადერთი რასაც ხმამაღლა ვაცხადებთ და ვაპროტესტებთ, არის არსებული რეჟიმის წნეხი ქვეყანასა და მოქალაქეებზე, გაყალბებულ არჩევნებზე. 2015 წლიდან გვაქვს შექმნილი საინიციატივო ჯგუფი "მარო", ვებრძოდით და ვებრძვი ე.წ. სტალინელებს, რომლებსაც უნდოდათ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება... ძალიან დიდი ბრძოლა გვიწევდა. ხან პარტიზანულადაც ვმოქმედებდით, მაგალითად, 2016 წელს, ღამით დავწერეთ გორის ქუჩებში, რომ ამ ქუჩებს რუსეთი ბომბავდა, ასევე სტალინის ქუჩაზე შევცვალეთ აბრები და დავაწერეთ მარო მაყაშვილის ქუჩა“.
თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ არც მოძრაობა „ფართან“. რაც შეეხება კაპროვანში ჩატარებულ ტრენინგს, მისი თქმით, ის სოფელ კაპროვანში არასდროს ყოფილა:
„ჩვენ არ ვართ „ფარის“ წევრები. „ფარის“ ერთ-ერთ წევრს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ თავად „ფარიც“ კი არ არის ორგანიზაცია. ეს არის საინიციატივო ჯგუფი. რაც შეეხება "ერთობას", არც ეს არის ორგანიზაცია, ეს არის იდეა. ჩვენ ახლა ვამზადებთ სააპელაციო სასამართლოსთვის წარსადგენ ჩვენს მოსაზრებებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ფანქველაშვილმა.
22 სექტემბრიდან მოყოლებული, ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას მოსთხოვა მათი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.
ამ ინფორმაციას ბიურო სხვადასხვა კანონის შესაბამისად, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, ე.წ. "ქართული FARA-ს", "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონების საფუძველზე ითხოვს.
ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციებისგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად სასამართლოებს მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ბიურო საჭიროზე მეტ პირად ინფორმაციას ითხოვს, მათ შორის, ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ, თავად არღვევს კანონს და ამიტომ უარს ამბობენ ბიუროსთვის ინფორმაციის გადაცემაზე.
17 სექტემბრის მონაცემებით, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა, ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.