რუსეთში დრონებით შეტევა იყო ორმაგი დანიშნულების კიდევ ერთ ქარხანაზე
რუსეთის პერმის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქარხანაზე, რომელიც აზოტოვან სასუქებს და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო ქიმიურ კომპონენტებს უშვებს.
ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ეს საწარმო რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „ურალხიმის“ ქარხნების ქსელის, „აზოტის“ ფილიალია.
პირველი ცნობები, რომ ბერეზნიკის ქარხანაში ორი ძლიერი აფეთქება იყო, რუსული ტელეგრამ-არხებით ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს, საღამოს რვა საათის შემდეგ გავრცელდა.
დღეს, 3 ოქტომბერს დილის რვა საათისთვის პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მტრის“ (უკრაინის) უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად „აზოტში“ იყო „ტექნოლოგიური ციკლის ხანმოკლე შეჩერება“ და ქალაქ ბერეზნიკიში დაზიანდა ორბინიანი სახლიც. გუბერნატორის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
რუსეთის პერმის ოლქის ქალაქი ბერეზნიკი უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, რომელიც ხშირად ადასტურებს რუსეთის სამხედრო დანიშნულების საწარმოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, პერმის ოლქის ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
პერმის ოლქი ნახსენები არ ყოფილა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 ოქტომბრის საღამოდან 3 ოქტომბრის დილამდე გავრცელებულ ცნობებში, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „განადგურებას“ და მათ რაოდენობას ეხებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, იუწყება ხოლმე „გზად დაჭერილ და განადგურებულ" დრონებზე და არ ასახელებს მოუგერიებელი აპარატების რიცხვს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.