რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
5-6 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე რუმინეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ნიკუშორ დანს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს ალიანსის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში წვლილისთვის, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ლიდერობისთვის. რიუტემ რუმინეთი შეაქო თავდაცვითი ხარჯის ზრდისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.
6 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა „ნატოს ინდუსტრიის ფორუმს“ მიმართა, რომლის თემა იყო - „გადააიარაღე ნატო - განაახლე, გააძლიერე, შეინარჩუნე“ და რომელზეც შეიკრიბნენ ალიანსის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები, პოლიტიკოსები და თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ინდუსტრიების ხელმძღვანელი პირები.
„არ არსებობს ძლიერი თავდაცვა თავდაცვის ძლიერი ინდუსტრიის გარეშე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის წევრების მიერ თავდაცვითი ხარჯების 5%-მდე ზრდის ფონზე გადამწყვეტია მწარმოებლებთან თანამშრომლობა. „ჩვენ ახლა მოქმედებად ვაქცევთ გადაწყვეტილებებს და ამისთვის გვჭირდებით თქვენ“, - მიმართა რიუტემ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
„რუსეთი დარჩება მადესტაბილიზებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, რომლებიც „ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის“ - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი და ხაზს უსვამს - „ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ“. მარკ რიუტემ გამოხატა რწმენა, რომ ნატოს შესწევს უნარი „შეიარაღებით, წარმოებითა და ჭკუით აჯობოს მათ ვისაც სურს ჩვენი დაზიანება და დამცრობა“. გენერალური მდივანი მოუწოდებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს „იყვნენ მზად მიწოდების გასაზრდელად, არსებული წარმოების ხაზების გასაფართოებლად და ახლების გასამართად“ და არწმუნებს მწარმოებლებს, რომ ნატო დააჩქარებს შესყიდვებს და ინოვაციების მხარდაჭერას.
რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი წერს: "ვაფასებ მარკის მონდომებას, საჭიროების დროს ალიანსის მეტი საშუალებები შემოიტანოს რუმინეთში “აღმოსავლეთის გუშაგის“ ფარგლებში. მე აგრეთვე ყურადღება გავამახვილე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან გამკლავების საჭიროებაზე".
ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგი" ნატომ წამოიწყო 2025 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ დრონების საშუალებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ. ეს არის სამხედრო აქტივობა, რომლის მიზანიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
