39-მდე გაიზარდა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ესპანეთში 21 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. დაშავებულია ასი ადამიანი, მათგან 30 მძიმედ. ამის შესახებ 19 იანვრის ღამით ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ავარია ესპანეთის კორდობის რეგიონში მოხდა.
კომპანია Iryo-ს კუთვნილი მატარებელი, რომელიც მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მოძრაობდა, გვერდითა რელსზე გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ შემადგენლობას შეეჯახა. მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.
ესპანური მედიის თანახმად, ორივე მატარებელში, ჯამში, 400 ადამიანი იმყოფებოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ვითარებას. მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა სამეფო ოჯახმა.
