ტრამპი ირანს შარშანდელზე ძლიერი დარტყმით დაემუქრა, ირანი ირწმუნება, რომ აგრესიას მოიგერიებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მასიური არმადით“ და შარშანდელზე გაცილებით ძლიერი დარტყმით დაემუქრა ირანს, თუ ის უარს არ იტყვის ბირთვულ იარაღზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც სასტიკად გაუსწორდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ირწმუნება, რომ საკმარისი ძალა აქვს „ნებისმიერ აგრესიაზე" რეაგირებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა 28 იანვარს სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ირანისკენ მიემართება „მასიური არმადა“ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით - გაცილებით დიდი, ვიდრე ვენესუელაში გაგზავნეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ირანი სწრაფად მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას ყველა მხარისთვის მისაღები შეთანხმების მისაღწევად, რაც გულისხმობს თეირანის უარს ბირთვულ იარაღზე. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, შეთანხმების საჭიროების შესახებ ირანს ადრეც უთხრა, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ამას მოჰყვა ირანში სერიოზული ნგრევის გამომწვევი ოპერაცია, შემდეგი შეტევა კი გაცილებით უარესი იქნება. ტრამპმა ირანს მიმართა, ამის გამეორება არ დაუშვას და გააფრთხილა, რომ დრო იწურება.
აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა შარშან ზაფხულში ჩატარებულ ოპერაციას. 2025 წლის ივნისში ჯერ ისრაელის, შემდეგ კი აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში დაარტყეს ბირთვულ ობიექტებს და იარაღის საცავებს. ისრაელი და აშშ აცხადებდნენ, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი დღემდე ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი მუქარის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც „თითები ჩახმახზე უდევთ”, მზად არიან „დაუყოვნებლივი და ძლიერი რეაგირებისთვის ნებისმიერ აგრესიაზე” ქვეყნის მიწის, საჰაერო სივრცისა და ზღვის წინააღმდეგ.
არაღჩი ირწმუნება რომ შარშანდელი ომის გაკვეთილმა უფრო მტკიცე, სწრაფი და საფუძვლიანი რეაგირების შესაძლებლობა მისცათ.
ამასთან, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ირანი ყოველთვის მიესალმებოდა სამართლიან ბირთვულ შეთანხმებას იძულების, მუქარისა და დაშინების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული იარაღის არარსებობას და ირანის უფლებას, ჰქონდეს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიები.
2025 წლის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა. მოკლული და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი.უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს(ოფისი აშშ-ში) მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6221 ადამიანის სიკვდილი. მათგან 5 858 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 100 - არასრულწლოვანი, 49 - მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 - სამთავრობო ძალების სამხედროები.უფლებადამცველთა თანახმად, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი 42 ათასს აჭარბებს.ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გაგზავნა ავიამზიდების ჯგუფი.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 28 იანვარს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს არ აქვს ირანზე თავდასხმის გეგმა, რეგიონში სამხედრო ძალების გაზრდა კი გონივრული და წინდახედული ნაბიჯია.
რუბიოს შეფასებით, ირანის რეჟიმი დღეს ისეთი სუსტია, როგორც არასდროს და არ შეუძლია მოაგვაროს ირანელების პრობლემები და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელსაც თეირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო მოქმედი სანქციები ამძიმებს.
