რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს ზაპოროჟიეს ოლქს, არის მსხვერპლი
მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული დრონებით შეტევას უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე. ამის შესახებ 29 იანვარს, გამთენიისას ტელეგრამზე დაწერა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა.
მისი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. დანგრეულია სახლები, გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის ჯარები უკრაინაზე მასირებულ შეტევებს განაგრძობენ ომის დასასრულებლად აშშ-რუსეთი-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შემდეგაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 იანვარს ღამით განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ახალი დარტყმისთვის ემზადება. ზელენსკის თქმით, ამერიკას, ევროპას და ყველა პარტნიორს უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის თითოეული დარტყმა დიპლომატიის დისკრედიტაციაა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ, ვისაც მშვიდობა რეალურად სურს, უნდა იფიქროს, როგორ უზრუნველყოს, რომ რუსეთი ემზადებოდეს არა ახალი მასირებული შეტევებისთვის, არამედ ომის დასასრულებლად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ამის ძალა აქვს და უნდა გამოიყენოს.
უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განაგრძობენ უკრაინის თავდაცვის ძალებიც. უკრაინა აცხადებს, რომ სამიზნეა სამხედრო ობიექტები და რუსული არმიის მომარაგებაში ჩართული საწარმოები. რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში.
უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა.
სამმხრივი მოლაპარაკება 1 თებერვალს უნდა გაგრძელდეს.
