ირანის ხელისუფლების მხარდამჭერებმა პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილმა საპროტესტო აქციები გამოიწვია პაკისტანში.
დღეს, 1 მარტს პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.
მოკლულია აქციის სულ მცირე 7 მონაწილე. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადასტურებს რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური.
აშშ-ის საკონსულოსთან აქცია ორგანიზებული იყო ირანის მხარდამჭერი შიიტური ჯგუფების მიერ. აქციის მონაწილეებმა საკონსულოს შენობაზე შეტევა სცადეს.
შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და სტუდენტური მოძრაობის, „იმამიას“ წევრებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 20 ადამიანი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში საელჩოს და ქალაქ პეშავარში საკონსულოს დაცვა გააძლიერა.
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადეს ისლამური რესპუბლიკის „ტერორისტული რეჟიმი" და მისი სამხედრო ობიექტები.ოპერაციის პირველი დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.აშშ-ისრაელის ოპერაციის პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
