ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ალიანსი შექმნა
ოპოზიციურმა პარტიებმა („კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“) ალიანსი შექმნეს, რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.
რა პრინციპებზე შეთანხმდნენოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სამ პრინციპზე:
„ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ - „ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე“;„დემოკრატიული ალტერნატივა“ - გადაწყვეტილებები მიიღება „მონაწილეების თანასწორობის პრინციპითა“ და „გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით“;„პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი“ - მიზანია „დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების“ ჩამოყალიბება, რომელიც „გაატარებს აუცილებელ რეფორმებს“.„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
რას ამბობენ ლიდერები?„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ ამ ალიანსით, რომელსაც, მისი შეფასებით, დიდი ელექტორატი ჰყავს, ძირს გამოუთხრიან „ქართულ ოცნებას“:
„ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა.
აქამდე არ ვიყავით ერთიანები იმიტომ, რომ შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს!“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, თქვა, რომ არამარტივი კონსულტაციების შედეგად ოპოზიციური ალიანსი შედგა:
„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამასობაში, ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი - არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები“.
გიორგი ვაშაძე ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს ოპოზიციური პარტიების საერთო პრინციპებზე შეთანხმებას:
„ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“.
ვინ არ უერთდება ამ ალიანსს?ოპოზიციური პარტიებიდან ალიანსში გაერთიანებაზე უარი თქვა ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ. ესენია „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ დანარჩენ ოპოზიციასთან პრეტენზიები აქვს მანამდე გადადგმულ ნაბიჯებზე. სადავო პარლამენტში ამ პარტიის დეპუტატმა გიგა ფარულავამ თქვა, რომ „საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამ კონკრეტულმა ბოიკოტმა დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე“.„ლელოში“ აცხადებენ, რომ აქამდე არსებულმა ერთობის ფორმატებმა, რომლებიც „შეჩერდა ან ჩაიშალა“, საზოგადოების ნდობა დააზიანა: „ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც“.რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ამ ალიანსს „კლოუნადა“ უწოდეს. საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კირცხალია ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვეა“.
