"დასრულდა ომანიდან და საუდის არაბეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯებით შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 8 მარტს, მასკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის მიმართულებით ბოლო რეისი განხორციელდა და ამით დასრულდა საქართველოში იმ მოქალაქეების ჩამოყვანა, რომელთა მგზავრობას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.
სამინისტროს ცნობით, საბოლოო ანგარიშით, მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) საქართველოს ის 600-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს, საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით,
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.
ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები;28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა სერიოზული დარტყმაა ქვეყნის სასულიერო მმართველებისთვის, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს არ არის რეჟიმის ცვლილების გარანტია.
