Axios: აშშ და ისრაელი ირანში სპეცრაზმის გაგზავნას განიხილავენ დარჩენილი ურანის გამო
აშშ-მა და ისრაელმა განიხილეს ირანში სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნა მისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იტყობინება Axios წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება მოხდეს ომის შემდგომ ეტაპზე, მას მერე, რაც ორივე ქვეყანა დარწმუნდება, რომ ირანის სამხედროები აღარ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს.
Axios-ის ცნობით, განიხილეს ორი ვარიანტი: გამდიდრებული ურანის ირანიდან მთლიანად გატანა ან ბირთვული სფეროს ექსპერტების მოწვევა მის ადგილზე შესასუსტებლად.
შარშან ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ურანის მარაგი ნანგრევების ქვეშ დაიმარხა. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას შემდეგ თავად ირანელებს არა აქვთ მათზე წვდომა. გაზეთის წყაროების ცნობით, ბირთვული საწვავის უმეტესი ნაწილი ინახება მიწისქვეშა გვირაბებში ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე ობიექტში, ხოლო დარჩენილი მარაგი გადანაწილებულია ფორდოუსა და ნატანზის ბუნკერებს შორის.
როგორც The New York Times იტყობინება დაზვერვასთან ახლოს მყოფ წყაროებზე დაყრდნობით, ირანს შეუძლია ისპაჰანში გამდიდრებული ურანის მარაგზე წვდომა ვიწრო გვირაბის მეშვეობით. თებერვალში გადაღებული თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს მიწის ფართომასშტაბიან სამუშაოებს რამდენიმე გვირაბის შესასვლელთან. თუმცა, გაზეთი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, მიწა ობიექტიდან ამოიღეს, თუ გვირაბის შესასვლელების მომავალი დარტყმებისგან დასაცავად გამოიყენეს. ასევე გაურკვეველია, რამდენად სწრაფად შეძლებს ირანი ურანის ტრანსპორტირებას, რომელიც აირისებრი სახითაა და კონტეინერებში ინახება.
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ირანს დაახლოებით 440 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი აქვს, რომლის უმეტესობა ისპაჰანში მდებარეობს. გამდიდრების დონე 60 პროცენტია. იარაღის შესაქმნელად ეს დონე 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.
გარდა ამისა, Axios-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა განიხილა ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა, რომლის გავლითაც ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90 პროცენტი გადის.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო. დარტყმების შედეგად დაიღუპა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები. გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლის, ამირ საიდ ირავანის თქმით, ოპერაციის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ირანმა საპასუხოდ დარტყმები განახორციელა აშშ-ის ბაზებსა და ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურაზე. რაკეტებმა და დრონებმა დაარტყეს სამიზნეებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ქუვეითში, ხოლო ქუვეითი, იორდანია, ბაჰრეინი და საუდის არაბეთი მათი ჩაჭრის შესახებ იტყობინებოდნენ. ასევე რეგულარულად ხორციელდება დარტყმები ისრაელის ქალაქებზე.
