კრასნოდარის მხარეში დრონების იერიშის შედეგად იწვის ნავთობბაზა
წუხელ ღამით უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში ტიხორეცკის გარეუბანში მდებარე ნავთობბაზაზე, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, აალება მოხდა „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“.
უწყების ინფორმაციით, დრონებმა დააზიანეს ორი მაღალვოლტიანი ხაზი.
ტიხორეცკში ნავთობბაზას 12 მარტსაც გაუჩნდა ცეცხლი უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად. ოპერატიული შტაბის ცნობაში არ არის დაზუსტებული, განმეორებით მიიტანეს თუ არა იერიში იმავე ობიექტზე, თუ საუბარია ორ სხვადასხვა ნავთობბაზაზე.
14-15 მარტის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს ბელგოროდის ოლქზე, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მისი თქმით, „სერიოზული ზიანი მიადგა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც დაფიქსირდა შეფერხებები ელექტრომომარაგებაში, წყალმომარაგებასა და გათბობაში“.
ბელგოროდის გამოცემა „პეპელის“ ცნობით, დარტყმა, კერძოდ, განხორციელდა ქალაქ ბელგოროდში მდებარე ქვესადგურზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში დაზიანდა ხუთი ბინა ორ მრავალბინიან შენობაში, ერთი კერძო სახლი, სოციალური ობიექტი და 11 ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ ჩაჭერილია უკრაინის 170 დრონი ტვერის, ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის, კურსკის, სმოლენსკის, ტულის, როსტოვის, ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკაში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის აკვატორიასა და მოსკოვის ოლქში. როგორც იტყობინებიან, მინიმუმ 20 დრონი მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.
