დაბომბვის შედეგად მუშაობა შეწყვიტა ირანის ორმა უდიდესმა მეტალურგიულმა ქარხანამ
კომპანიების განცხადებით, ირანის ორი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების რამდენიმე ტალღის გამო.
„ჩვენი პირველი შეფასებით, ამ დანადგარების ხელახლა ამუშავებას მინიმუმ ექვსი თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება“, - განაცხადა ხუზესტანის ფოლადის კომპანიის საწარმოო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, მეჰრან ფაქბინმა, რომლის სიტყვებიც მოჰყავს Mizan Online-ის ვებგვერდს ხუთშაბათს.
ისპაანის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე მობარაქეს ფოლადის კომპანიამ განაცხადა, რომ „თავდასხმების დიდი რაოდენობის გამო მისი წარმოების ხაზები მთლიანად გაჩერდა“.
გასული კვირიდან მოყოლებული, ორივე ქარხანას არაერთხელ დაარტყეს. „ამ სამრეწველო კომპლექსის ყველა ნაწილი და ფოლადის დამზადების ღუმელი დაზიანდა“, - მოჰყავს ფაქბინის სიტყვები Mizan-ს.
“მობარაქემ” 1 აპრილს გვიან ღამით თავის ვებგვერდზე განაცხადა, რომ თავდასხმების შემდეგ „ოპერაციების გაგრძელება შეუძლებელია“.
"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" მეტალურგიულ ქარხნებზე თავდასხმების საპასუხოდ რეგიონისა და ისრაელის სამრეწველო ზონებზე რაკეტებით და დრონებით მიიტანა იერიში.
მათ ასევე გამოთქვეს შემდგომი შურისძიების მუქარა, თუ მსგავსი თავდასხმები განმეორდება.
ირანში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ქვეყნის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანეს. დარტყმების შედეგად ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
ირანის საპასუხო იერიშებით, რომლებიც ისრაელის, რეგიონში არსებული ამერიკული ბაზებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ არის მიმართული, კონფლიქტი მთელ რეგიონში გავრცელდა.
