NATO-მ მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად შესთავაზა
ბრიუსელში NATO-მ ბოლო წლების განმავლობაში გაფართოების საკითხზე პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსმა ერთ-ერთ ასპირანტ ქვეყანას მონტენეგროს გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ოფიციალურად შესთავაზა.
დღესვე ბრიუსელში საქართველოს და კიდევ 2 ასპირანტ ქვეყანაზე ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, როგორ შეაფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ქვეყნებს.
ასევე გამოცხადდება გადაწყვეტილება მონტენეგროს წევრობის შესახებ. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, დღეს გაკეთდება განცხადებები NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და მათ შორის საქართველოზეც. საგარეო საქეთა მინისტერიალის ერთობლივ დოკუმენტზე ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მუშაობს. ტექსტის შინაარსი კი გასაჯაროებამდე უცნობია.
"ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, მკაფიო და მნიშვნელოვან სიგნალს ვუგზავნით არა მხოლოდ მონტენეგროს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. დღეს ჩვენ ვადასტურებთ, რომ ალიანსის ეს პოლიტიკა რეალობაა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, ბერვი რამ გაკეთდა. ვახორციელებთ არსებით პაკეტს, რომელიც თქვენს ქვეყანას უელსის სამიტზე წარედგინა, ამავდროულად ვამბობთ რას ველით საქართველოსგან. ბერკეტები არსებობს და ჩვენი პოზიცია კომუნიკეში იქნება ასახული, რომელსაც დღეს ნახავთ," - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკიმ.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს ბოლო პერიოდის მიღწევები. ნატოში საქართველოს ელჩის თქმით, თუ ალიანსი მონტენეგროს წევრობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს იქნება კარგი ნიშანი საქართველოსთვის.