ნატო-ს მიერ მიღებულ კომუნიკეში 14 პუნქტიდან 4-ში საქართველოზეა საუბარი
ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი დასრულებულია. 6 წლიანი პაუზის შემდეგ ორგანიზაციის გაფართოების გადაწყვეტილება მიღებულია და მონტენეგრო ალიანსში მიიწვიეს. დღესვე გამოქვეყნდა კომუნიკე 3 ასპირანტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი ვრცლად საქართველოზეც არის.
კომუნიკე 14 პუნქტიანია და 4 პუნქტში საქართველოზეა საუბარი. კომუნიკეზე ქართველ ჟურნალისტებთან ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ჯეიმს აპატურაიმ ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ საქართველომ იგივე პროცედურა უნდა გაიროს რაც მონტენეგრომ. მისივე თქმით "ნატო-ს მიერ მიღებულ კომუნიკეში კი ორი ახალი გზავნილია:
პირველი – უფრო ნათელი გახდა, რომ როდესაც საქმე ეხება ნატო-ს გასაწევრიანებლად პრაქტიკულ მომზადებას, საქართველოს საამისოდ ყველა ბერკეტი გააჩნია. მეორე კი არსებით პაკეტის განხორციელება საქართველოს უფრო უნარიანს ხდის, ეს კი ეხმარება მას წევრობისთვის მოემზადოს."
ჯეიმს აპატურაი ასევე აცხადებს, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ორგანიზაციაა, არამედ პოლიტიკურიც, შესაბამისად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების განხორციელება განაგრძოს.
„გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ეს ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. რაღაც ეტაპზე იქნება კონსესუსი წევრ ქვეყნებს შორის მაპთან დაკავშირებით და ეს დღეც დადგება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ეს არის მიზეზი რატომაც სურს საქართველოს გაწევრიანება. საუბარი არ არის მხოლოდ უსაფრთხოებაზე, საუბარია საერთო ღირებულებებსა და საერთო დემოკრატიულ პრინციპებზე. დღეს გენერალურმა მდივანმა მონტენეგროს მიწვევის შესახებ საუბრისას ახსენა სამი სფერო, რომლებიც სამხედრო სფეროები არ არის და რომ მონტენეგროს სჭირდება პროგრესის გაგრძელება. ეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებმაც აღიარეს. ასე, რომ ნატო სამხედრო პოლიტიკური ალიანსია. მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი პრინციპია. რა თქმა უნდა პროგრესი ამ სფეროშიც საჭიროა,“ - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.