"დაჯდებიან პარტიაში ბიჭები და წერენ სიას, ქალები უნდათ პლაკატების გამკვრელებად"-წულუკიანი კვოტირების საკითხზე საუბრობს
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დღეს კვოტირების საკითხის განხილვისას დებატები გაიმართა. იურიდიულმა კომიტეტმა ორ ინიციატივაზე იმსჯელა. სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული პროექტი 50-50-ზე პრინციპს გულისხმობს, ყეინიშვილი-ჭკუასელის ინიციატივის თანახმად კი პარტიულ სიაში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მხარდასაჭერად კომიტეტის სხდომაზე მივიდა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ საკითხის მხარდამჭერები მთავრობაში უმცირესობაში არიან.
„მამაკაცებს ძირითადად ჰგონიათ, რომ ფემინიზმი არის სალანძღავი სიტყვა, მე კი მეამაყება, რომ ვარ ფემინისტი. ფემინისზმი არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთს შეიძლება ეგონოს მე მინდა გავხდე შტანგისტი ან ძიუდოისტი. ხანდახან მიწევს კაცივით ქცევა, რომ საკუთარი უფლებები დავიცვა, მაგალითად ჩხუბი, რაც არ არის ქალისთვის კარგი სანახავი, მაგრამ ხშირად მიწევს, რომ ქალის უფლებები პარტიაში იყოს დაცული.
დაჯდებიან პარტიაში ბიჭები და წერენ სიას, ქალები უნდათ პლაკატების გამკვრელებად მარტო. მე საერთოდ არ მყავს პარტია, მითუმეტეს მე ჩემთვის არ ვლაპარაკობ და არ არის რისკი, რომ რომელიმე პარტიულ სიაზე ვლაპარაკობდე. არ მყავს პარტია და ალბათ პარტიულ სიაშიც არ უნდა ვიყო და არც ვიქნები,“-აცხადებს თეა წულუკიანი.