საქართველოს საგარეო უწყება ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქართული მხარე ულოცავს მონტენეგროს ალიანსში მიწვევის მიღებას.
„ამ გადაწყვეტილებით მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.“ - წერია განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს.
მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა.
„ნიშანდობლივია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. რაც შეეხება „წევრობის სამოქმედო გეგმას“ (MAP), იგი ფაქტიურად ხდება საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.
"გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ნატო–მ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთს აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან. ამას გარდა, ალიანსმა დაადასტურა, რომ იგი არ აღიარებს რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს შორის დადებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ და განიხილავს მათ, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ეუთო–ს პრინციპებისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას,“ - წერია განცხადებაში.