"თუ შაჰდენიზის პროექტი დროზე ადრე დასრულდა, არ დაგვჭირდება რუსული გაზის შეძენა", - კახა კალაძე
კახა კალაძე არ არის დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი შეძლებენ გაზსადენ შაჰდენიზი 2-ის დროზე ადრე დასრულებას. ენერგეტიკის მინისტრი სიფრთხილით ეკიდება ასეთ პერსპექტივებს და აქვე გაზპრომისა და შაჰდენიზი 2-ის კონკურენციაზე ლაპარაკობს.
კალაძის თქმით, თუ თურქეთი და აზერბაიჯანი მართლაც შეძლებენ მშენებლობის ტემპების დაჩქარებას, რასაც გუშინ მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, მაშინ საქართველოს არ დასჭირდება რუსული გაზის შეძენა.
წინააღმდეგ შემთხვევაში გაზპრომთან თანამშრომლობა აუცილებელი და გარდაუვალია, მიაჩნია ენერგეტიკის მინისტრს.
"თუ ეს მოხდება და 2018 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი, 2018 წელს ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზპრომისგან. თუმცა, 10%, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გატარებაში, იმას აუცილებლად მივიღებთ. ხოლო, 2018 წლამდე თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ," - განმარტა კახა კალაძემ.