"ტრანსანატოლიის" გაზსადენი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებისთვის მიზეზებს აღარ დატოვებს
პროექტი, რომელიც გაზპრომთან მოლაპარაკებებისთვის მიზეზებს აღარ დატოვებს, შაჰდენიზი ორია, თუმცა სამხრეთკავკასიური მილსადენის დათქმულ დროზე ადრე დასრულების შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ენერგეტიკის მინისტრი სკეპტიკურად აფასებს.
ის, რაც ქართული მხარისთვის საეჭვოა, შაჰდენიზი 2-ის ინიციატორებისთვის რეალურია. თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებაზე უკვე შეთანხმებულები არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტი 2018 წლამდე დასრულდება. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ტემპის დასაჩქარებლად მზად არის.
შაჰდენიზი 2 რომ ევროპისთვის რუსული რესურსების ალტერნატივაა, ამაზე ღიად საუბრობენ ევროკავშირში. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთს ენერგეტიკული რესურსებით მანიპულირების საშუალება არ უნდა მიეცეს, ამისთვის კი ტრანსანატოლიის მილსადენი საუკეთესო საშუალება იქნება.
ევროსტრუქტურების წარმომადგენლისგან განსხვავებით, რუსული ენერგეტიკული რესურსების შემოტანაში პრობლემას ვერ ხედავენ მმართველი გუნდში. ოპოზიცია კი ხელისუფლებას, შაჰდენიზის პოტენციალის სრულად გამოყენების და რუსულ სცენარში ჩართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ანა წერეთელი.