სოსო ჯაჭვლიანი ღვთისმსახურის ან მორწმუნეს მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაზე ჯარიმის დაწესებას ითხოვს
რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სოსო ჯაჭვლიანს ეკუთვნის, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში.
ცვლილებების მიხედვით რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა 300 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებით შემთხვევაში 600 ლარს.
რელიგიური დაწესებულებების შეურაცჰყოფა კანონის პროექტის თანახმად 500 ლარით განისაზღვრება განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.
ჯაჭვლიანის ამ ინიციატივას იზიარებს ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების წევრი ზურაბ ტყემალაძე.
"მემგონი ყველა შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს. განსაკუთრებით რელიგიური წარმომადგენლების მისამართით,"- აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჯაჭვლიანის ახალ ინიციატივას არ იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ მსგავს ქმედებაზე საქართველოს კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ჯარიმას.
"მე ერთი ვიცი, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად ითვალისწინებს ჯარიმას როდესაც საუბარი არის ამა თუ იმ შენობის დამახინჯებაზე,"- აცხადებს დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ამ ინიციატივას პატრიარქის მიერ წამოჭრილი ინიციატივის ბედი ეწევა.
"ამ ინიციატივას იგივე ბედი ეწევა რაც წინა იდეას, რომელიც პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
თემაზე კურიერის ჟურნალისტმა პოზიციის დაფიქსირება ამერიკის ელჩსს სთხოვა. იან კელიმ განაცხადა, რომ მას კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. აშშ მხარს უჭერს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებას,"- აცხადებს ამერიკის ელჩი იან კელი.
ავტორი:ნათია გოგსაძე