"კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება" - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება
"კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტმა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ პროკურატურაში დაკითხეს.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუშინვე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მან მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს წელიწადნახევრის წინ მიაწოდა. თუმცა, მისივე მტკიცებით, ამ საქმეს მათი მხრიდან დაინტერესება არ მოყოლია.
გიორგი გოგაძემ დეპუტატის ბრალდებებს სიცრუე უწოდა. მისი განმარტებით, შეწყალების თემაზე ალეკოს ელისაშვილთან არასდროს უსაუბრია.
ამ განცხადების საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა მათ წინააღმდეგ გულგრილობის მოტივით საქმის აღძვრა მოითხოვა.
თეა წულუკიანის განმარტებით, თუ კი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ დაარღვია კანონი, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი.
"პროკურატურა მუშაობს ამ თემაზე და ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა, მოუწვეს ალბათ, ყველა მტკიცებულება, თუ გააჩნია, მიაწოდოს პროკურატურას," - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ამავე თემაზე გუშინ პროკურატურაში ჩვენება მისცა შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.