თბილისის 2016 წლის კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოს დაუბრუნდა
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დაუბრუნდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი თვითმმართველობის ორგანოში დღის ბოლოს შევიდა.
ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ბიუჯეტის მოცულობა 6 მილიონით გაიზარდა და ამ დროისათვის შეადგენს 816 მილიონს.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განმარტებით, მერიამ რამდენიმე მიმართულება დაასახელა, სადაც მისივე თქმით, მერიამ საკრებულოს შენიშვნები გაითვალისწინა.
„ის შენიშვნები, რომელიც იყო მიმართული კეთილმოწყობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, არის გათვალისწინებული და მომატებულია თანხები. შემცირებულია ის მუხლები, რომელიც ეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, მივლინებებს. გზების მშენებლობის მიმართულებით, ბიუჯეტში არის მატება,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კომენტარი საკრებულოს ოპოზიციის წევრმა ირაკლი აბესაძემაც გააკეთა.
„ირკვევა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემაც კი არ იცის ამ ბიუჯეტის დეტალები. ეს ნიშნავს იმას, რომ ან მათ რცხვენიათ დავით ნარმანიას და ქართული ოცნების მიერ შედგენილი ბიუჯეტის, ან სერიოზული უთანხმოებაა მერიასა და საკრებულოს შორის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი:ეკო მაღრაძე