„ნუ ავჩქარდებით იმით, რომ ჩვენ საზოგადოებას უკვე შევაძულოთ ეს სისტემა," - გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსზე საუბრობს
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს 73 არსებული მაჟორიტარული ოლქის საზღვრების გადახედვა, ასევე მოხდება ზოგიერთი ოლქის გამსხვილება. მაგალითად თუ აქამდე თბილისში იყო 10 მაჟორიტარი, არსებული კანონპროექტით, რომელიც წარმოადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, მოხდება 18 მაჟორიტარის არჩევა.
უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია თანაფარდობითობის დაცვა.
„ნუ ავჩქარდებით იმითი, რომ ჩვენ საზოგადოებას უკვე შევაძულოთ ის სისტემა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, რომ ასპინძელს ჩაგრავენ, ჩაგრავენ ხობელს და ზუგდიდელს-საქართველო ერთიანია და ადამიანს, რომელიც გამოხატავს ინტერესს იმ რეგიონის და თუნდაც ორი რეგიონის ერთად გაერთიანებულის, გაცილებით მეტი მოეთხოვება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამავე თემაზე განცხადება ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა.
„ოპოზიციას ამ შემთხვევაში არ მოსწონს ის ვარიანტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, გასაგებია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ არ დავუჭერთ ყველანი ერთად მხარს 2020 წლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, ასეთ შემთხვევაში ეს სისტემა, რომლითაც 2016-ში უნდა ჩავატაროთ არჩევნები, იმუშავებს როგორც 2020-ში, შემდეგ 2024-შიც და ა.შ. ოპოზიცია თავისი პასუხიმგებლობის საკმაოდ მძიმე ნაწილს დაინახავს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.