ეროვნული პარკის დირექტორის ავმტომობილში ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს
თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ავმტომობილში ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.
ლევან კაპანაძის განმარტებით, ამ ნივთების პოვნა სამრეცხაოში მოხდა. სამსახურეობრივი მანქანის წმენდისას, მრეცხავმა მოითხოვა უკანა სავარძლის გადმოწევა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს მათ შემთხვევით ორი ხელყუმბარა და მჭიდი ავტომატის ვაზნებით.
„დაუყოვნებლივ დავრეკე 112-ში და უშუალოდ ჩემი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. როგორ მოხდა ამის ჩადება ჩემთვის უცნობია, ალბათ გამოძიება დაადგენს. პირად ანგარიშსწორებას არ ვუკავშირებ, ეს არის ჩემ სამსახურთან და საქმიანობასთან დაკავშირებული,“ - განმარტა ლევან კაპანაძემ.
ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა გარემოს დაცვის მინისტრმა. გიგლა აგულაშვილი ფაქტთან დაკავშირებით უკვე ესუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს. უწყების ხელმძღვანელი დღესვე აპირებს დაუკავშირდეს მთავარ პროკურორს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონ მორჩილი თანამშრომლების საქმიანობა დაცული იქნას,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
