არჩევნების მეორე ტური და საერთაშორისო დამკვირვებლების მკვეთრი წინასწარი შეფასებები
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა-აღნიშნულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის შეფასებას ასახავს. იგი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE /ODIHR) და მისი პარტნიორების- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლების დამკვირვებლებმა მოამზადეს.სადმკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს 2 თვეში გამოაქვეყნებს.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ წინასწარ დასკვნაში დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო პროცესი დააზარალა როგორც ხისტმა რიტორიკამ და ძალადობრივმა ინცინდენტებმა, ისე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებამ- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ჩართულობის შემთხვევებზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასებაც იმის შესახებ, რომ პარტიასა და სახელმწიფოს შორის არჩევნების მეორე ტურში ზღვარი ბუნდოვანი გახდა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი შეფასების ანგარიშში გამოკვეთა ტენდენციები, რომლებმაც, მათი შეფასებით, ზიანი მიაყენეს საარჩევნო პროცესს:
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკა, რაზეც არც ერთ სახელმწიფო უწყებას რეაგირება არ მოუხდენია;
.კამპანიის მიმდნარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები და გაკეთდა განცხადება რამდენიმე სოციალური და ფინანსური პროგრამის დაწყების შესახებ;
ამ პროგრამებიდან დამკვირვებლებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ სამთავრობო ინიციატივა. წინასწარ ანგარიშში აღნიშნულია, რომ როცა ამ ინიციატივის შესრულების ვალდებულებას სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის კუთვნილებაში არსებული ინსტიტუცია იღებს, ეს შეიძლება ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალოს.
ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებამ და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე კონტროლმა წარმოშვა დაშინების საფუძველი, როცა ამომრჩეველს გაუჭირდებოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება;
მეორე ტურისთვის შენარჩუნდა ფინანსურ შემოწირულობებს შორის მკვეთრი უთანასწორობა, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ;სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში ფინანსების კონტროლის ეფექტური მექანიზმების არარსებობა არჩევნების მიმართ მოქალაქეების უნდობლობას იწვევს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა შუა კვირაში არ გამოხატავდა ამომრჩევლის ინტერესს და გააჩინა ეჭვი მისი პოლიტიკურად მოტივირების შესახებ;
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოვებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ.კერძო .მედიასაშუალებები ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას;
საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით ამომრჩევლისთვის
დარეკვისა და სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნის ფაქტიც. „ჩვენ არ ველოდებოდით, ჩვენ გვწამს რომ შემდგომ არჩევნებზე დამკვირვებლები აღარ წააწყდებიან ასეთ კამპანიას და კამპანია აგებული იქნება კანდიდატების შორის დებატებზე, რაც წაადგება საქართველოს საზოგადოებას.“- განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაიმა ანდრიკიენმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე ეუთო ოდირისა და მისი პარტნიორების გარდა, 29 ნოემბერს შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც. NDI-ის ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დემოკრატიისთვის ნეგატიური და ზიანის მომტანი იყო.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნით, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროვების ინცინდენტებით ხასიათდებოდა.
არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით-აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა. მეორე ტურამდე პერიოდი კერძოდ კი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და ნორმებს არღვევდა.