„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებას მოითხოვს
ორგანიზაცია მთავარ საფრთხედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, განიხილავს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლება რთული იქნება, ვიდრე „ადამიანთა ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას“.
ხელისუფლებასთან აფილირებული ორგანიზაცია ოპოზიციის ამომრჩეველთა ნაწილს, 300 000 ადამიანს, სექტას უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი უნდა გასამართლდნენ.
„უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა − გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენების წინადადებითაც გამოდის.
„ნეიტრალური საქართველო“ მიზნად ისახავს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ამომრჩევლების გასამართლებას.
„ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით ნაციონალურ მოძრაობას“, - წერია განცხადებაში.
მოძრაობა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების წინააღმდეგ იმ სამართლებრივი პროცედურების გატარებას მოითხოვს, რომლებიც, მისი განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო „ნაციონალ-სოციალისტური პარტიის“ მხარდამჭერების მიმართ.
„შესაძლებელია მოხდეს აღწერა კრიმინალური პარტიების თითოეული ამომრჩევლის, ვინც უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია! თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო“, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.
მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს, 10 ივლისს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
ბიძინა გიორგობიანმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ „ევროინტეგრაცია და ალიანსში (NATO-ში) გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა, უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, რომლისგან გასვლაც აგვიკრძალეს“.
მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ პარტიად გარდაქმნას გეგმავს.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა.