რუსეთში "არასასურველად" გამოცხადდა "რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი"
რუსეთის პროკურატურა აცხადებს, რომ IRFBA "ემსახურება აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებს, მონაწილეობს ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია რუსეთის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციაზე, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციაზე, უშვებს მასალებს რუსეთში აღმსარებლობის თავისუფლების ვითომ დარღვევებზე, რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერების მიზნით".
IRFBA-ის ანგარიშში ლაპარაკი იყო რუსეთში ზოგიერთი რელიგიური მოძრაობის დევნაზე - მათ შორის იეჰოვას მოწმეების და ჰიზბ უთ-თაჰრირის, ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე კრემლის და მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ არალოიალურ სასულიერო პირებზე და მორწმუნეებზე, ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინაში რუსეთი აკონტროლებს.
"რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი" წარმოადგენს ქსელურ ორგანიზაციას, რომელიც 2020 წელს დაარსდა აშშ-ში. 38 სახელმწიფო ალიანსის წევრია, კიდევ ხუთი ქვეყანა მეგობრული სახელმწიფოს სტატუსს ატარებს. რუსეთი ალიანსში არ შედის.
IRFBA-ის ამოცანებია რელიგიური უფლებების და თავისუფლებების დაცვის მეთვალყურეობა, რელიგიური უმცირესობების დაცვა და აღმსარებლობის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა.
"არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. იკრძალება იმ უწყებების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება ამ რეესტრში მოახვედრებს. "არასასურველად" მიჩნეული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითი შემთხვევა კი ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონში ბუნდოვანია ფორმულირება იმის შესახებ, მაინც რა შეიძლება წარმოადგენდეს მონაწილეობას ორგანიზაციის მუშაობაში.