ზუგდიდში თავსაბურავის ტარების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად მიიჩნიეს
მარიამ სიჭინავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის უცნობია როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი - სწორედ სასამართლო გადაწყვეტს 2000 ლარით დააჯარიმებს თუ გაფრთხილებით შემოიფარგლება.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.
საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.
„სასამართლოდან არავინ დამკავშირებია ჯერ. არ ვაპირებ არც პოლიციაში და არც სასამართლოში გამოცხადებას… ვაპირებ კვლავ ვატარო ბალაკლავა და გავაგრძელო დაუმორჩილებლობა”,- თქვა მარიამ სიჭინავამ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები 30 დეკემბერს,
ზუგდიდის აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებით გააპროტესტეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.