რიჰარდს კოლსი "კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს" უწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელიც თავის მოსაზრებას სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, - წერს კოლსი.
მისი სიტყვებით, ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას - რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – „ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე“:
„ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“.
რიჰარდს კოლსი მიიჩნევს, რომ თუ პია კაუმას ასე ძლიერ სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტისა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“:
„სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს ევროპარლამენტარი, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფის წევრი.
რიჰარდს კოლსის სტატუსს X-ზე გააზიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა:
„არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, - წერს იან კელი.
"ეს ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო:, - პია კაუმას დაგეგილ ვიზიტს სოციალურ პლატფორმა X-ზე ასე გამოეხმაურა კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე.
მან დაწერა, რომ ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.