ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის შეხვდა
ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ მელონი ტრამპს შეხვდა შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რომში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. სავარაუდოდ, ბაიდენი იტალიაში 9 იანვარს ჩავა, რაც მისი ბოლო მოგზაურობა იქნება პრეზიდენტის რანგში. 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია უნდა შედგეს, ის ოთხწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ბაიდენი, სავარაუდოდ, ვიზიტის დროს შეხვდება მელონის და ასევე ეწვევა ვატიკანს რომის პაპ ფრანცისკესთან შესახვედრად.
არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ტრამპმა და მელონიმ მარ-ა-ლაგოში სადილზე. არჩეულმა პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი გააკეთა შეხვედრის შესახებ და მელონის უწოდა „ფანტასტიკური ქალი“, რომელმაც „ევროპა დაიპყრო“.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ძალების ლიდერია, მისი პოზიციები რიგ საკითხებში, კერძოდ მიგრაციაში, ახლოსაა ტრამპის პოზიციებთან. ამავე დროს მელონი აქტიურად ემხრობა უკრაინის მხარდაჭერას. არ არის ცნობილი, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე უკრაინის ომის თემა.
Reuters-ი და CNN-ი აღნიშნავენ, რომ მელონი, რომლის მოკავშირე რაფაელე ფიტო ახლახან გახდა ევროკომისიის წევრი, პოტენციურად შეიძლება იყოს ევროპაში ტრამპის მთავარი პარტნიორი მათი იდეოლოგიური სიახლოვისა და ასევე იმის გამო, რომ მელონის კარგი ურთიერთობები აქვს ტრამპის მთავარ მოკავშირესთან, მილიარდერ ილონ მასკთან.