უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე
კონგრესმენმა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა კაუმასთვის გაგზავნილი, 3 იანვრით დათარიღებული წერილი.
ჯო უილსონის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს „ივანიშვილის რეჟიმი” გამოიყენებს ხელისუფლების „ავტორიტარული მიტაცების ლეგიტიმაციის “ საშუალებად.
რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, გადასახადების ამერიკელი გადამხდელების ფული არ უნდა იყოს გამოყენებული „არალეგიტიმური მთავრობის” აღიარებისთვის.
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.
პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმაც.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.
ოპოზიციის მიერ ახალი არჩევნების მოთხოვნით 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები, განსაკუთრებით პირველ დღეებში, საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-მდე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათეულობით მონაწილეს. ძალადობა იყო მედიის წარმომადგენლებზეც.
საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნებს და „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და გერმანიამ.