ადვოკატის თქმით, პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს
იურისტის შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მისი მიზანია, დროულად არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
"მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა.
საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი", - წერს ადვოკატი.
მისივე სიტყვებით, დაკავებულთა საქმეები პროკურატურამ ერთ საქმედ, უკანონოდ გააერთიანა. როგორც იურისტი ამბობს, დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ მაშინ, როდესაც ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
"გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა.
ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება.
ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის", - აცხადებს იგი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ, 7 იანვარს წარადგენენ.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის პროკურატურას დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
"ახალი თეატრის" მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 7 დეკემბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშია. მას ბრალად ედება პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ეს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს ასეულობით პირი, რომლებსაც ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს. ათეულობით დაკავებული კვლავ საპატიმროში რჩება.