2024 წელს ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მატება გაეროს აღშფოთებას იწვევს
სიკვდილით დასჯის შემთხვევებიდან დაახლოებით 40 მოდის მხოლოდ გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირაზე, ამბობს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი 7 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში.
"ირანში გასულ წელს სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვის ზრდა ძალიან შემაშფოთებელია", - აღნიშნავს უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი და დასძენს, რომ 2023 წლის საერთო მაჩვენებელი იყო 853 ადამიანი.
გაეროს განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა მიემართება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და მოქალაქეები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2022 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
ირანში პროტესტმა იფეთქა 2022 წელს, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის პოლიციაში სიკვდილის შემდეგ - იუწყებოდნენ, რომ ამინი დააკავეს ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის.
აქციების დროს ქალები და გოგოები თავსაბურავებს იხსნიდნენ და დემონსტრაციულად წვავდნენ.
ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები განახორციელა დემონსტრანტების წინააღმდეგ, დახოცა ასობით პირი, დააპატიმრა ათასობით მოქალაქე.
თავის ანგარიშში ტურკი თეირანს მოუწოდებს, შეაჩეროს ყველა სამომავლო სიკვდილით დასჯა.
"ეს შეუთავსებელია სიცოცხლის ფუნდამენტურ უფლებასთან და აჩენს უდანაშაულო ხალხის სიკვდილით დასჯის მიუღებელ შესაძლებლობას", - წერს გაეროს უმაღლესი კომისარი.