რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
დღეს, 15 იანვარს, დილით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ხელისუფლების ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. საჰაერო განგაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა უკრაინის გაზის და ელექტროენერგიის ობიექტების წინააღმდეგ.
ზელენსკის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების და სხვა ქვედანაყოფების წყალობით, ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობა მთლიანობაში შენარჩუნებულია. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მოგერიებულია, სულ მცირე, 30 რუსული რაკეტა.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა ზაპოროჟიეს, ლვოვისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. აფეთქებები იყო ხარკოვის, ვინიცის, ჩერკასისა და სხვა ოლქებშიც. საჭირო გახდა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტა.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.