რუსეთი, სავარაუდოდ, ამთავრებს სამხედრო ტექნიკის გატანას სირიიდან
ოთხშაბათს, 29 იანვარს, გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე "სპარტა" აღარ ჩანს, ისევე როგორც რუსეთის სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და სატვირთო კონტეინერები. მანამდე ცოტა ხნით ადრე, პორტი ტარტუსი დატოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული კომპანია "ობორონლოგისტიკის" ხომალდმა Sparta II-მა. და მანაც თან წაიღო მთელ სირიასთან დაკავშირებული რუსული სამხედრო ტექნიკა.
სამშაბათს სირიაში იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია, რომელმაც სირიაში რუსული ბაზების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მოსკოვში ჩაიტანა სირიის ახალი ხელისუფლების მოთხოვნა, რომელიც შეეხება ბაშარ ასადის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციასა და ყოფილი დიქტატორის, მოსკოვში გაქცეული ასადის გადაცემას.
რუსეთს სირიაში ორი სამხედრო ბაზა აქვს: ავიაბაზა ხმეიმიმი ლატაკიის პორტთან და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. იქ რუსეთის სამხედროების 49 წლის ვადით ყოფნის შესახებ ხელშეკრულებას მოსკოვსა და დამასკს შორის 2017 წელს მოეწერა ხელი.
ტარტუსში ბაზას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ გასასვლელს ანიჭებს. ის წარმოადგენს საზღვაო სწავლებებისა და სამხედრო გემების განთავსების ადგილს.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სირიის ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა საინვესტიციო შეთანხმება რუსულ კომპანია "სტროიტრანსგაზსა" და სირიის ხმელთაშუა ზღვის პორტ ტარტუსს შორის.