ზამირ კვევეკსირის შვილი დაღუპულ მამაზე: არც სახლი მაქვს, არც კარი, არც არაფრის გაკეთება შემიძლიაო და ეს [თვითდაზიანება] გადაწყვიტა
"არავინ გვაქცევდა ყურადღებას. იყო გაჭირვებულად, ფეხი ჰქონდა გაშეშებული. ფეხის ოპერაცია გაიკეთა 6-ჯერ თბილისში. ბოლოს, გერმანიაში რომ გავუშვით, გერმანიიდანაც გამოუშვეს გაშეშებული ფეხით და აქ კიდევ არ გაუკეთეს ეგ ოპერაცია. არ არისო აქ ის ტექნიკები, რომ გავაკეთოთ ოპერაციაო. მთელი 4 წელი იწვალა, ბოლოს ეს გადაწყვიტა. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვსო, არც არაფრის გაკეთება შემიძლიაო და ეს გადაწყვიტა. 13 წელია აქ ვართ და ისე კიდევ რამდენი ხანია ბინას ვითხოვთ. განცხადება ის არის, რომ თქვენ ხართ ქულებში, ხართ სიაში და თქვენ მოგცემენ ბინას, მაგრამ როდის და სად არავინ იცოდა", - ამბობს ტვ პირველთან ზამირ კვეკვესკირის ვაჟი.
კვეკვესკირების ოთხსულიანი ოჯახი თბილისში, ზაჰესის ყოფილი გამგეობის შენობაში, 20 კვადრატული მეტრის ფართის ოთახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კვეკვესკირმა თბილისში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით სააგენტოში ბოლო განცხადება 2023 წლის ნოემბერში შეიტანა. კორპუსები, რომლებიც დევნილებისთვის ბინებით უზრუნველსაყოფად შენდება საქართველოს ხუთ ქალაქში, 2026 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს და ჯამში 6 ათასამდე დევნილს დააკმაყოფილებს საცხოვრებლით. თბილისში ამ პროექტის ფარგლებში 2 400 ოჯახისთვის შენდება ბინა.
დევნილთა სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზამირ კვევესკირის თვითდაზიანების შემდეგ მის ოჯახს სახელმწიფომ ბინა გადასცა - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სტუქტურებიდან ოჯახს დაურეკეს ბინის გადასაცემად გარდაცვლილის დამ 27 თებერვალსვე გააკეთა მედიასთან.
„ითხოვდა ლაპარაკს. ვინმესთან შეხვედრას“, - ისმის ხმა ვიდეოკადრში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს და სადაც ასახულია როგორ ცდილობენ ცეცხლმოკიდებული კაცის დახმარებას დევნილთა სააგენტოს შენობასთან.
1 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა” და მისი “სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ”.