მარკეტა გრეგოროვა: [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი არ აქვს
ევროპარლამენტარი თვლის რომ ეს მნიშვნელოვანი რეზოლუცია იყო, თუმცა ის საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირებისა და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წამრთმევი პირებისთვის უფრო მკაცრი ზომებისა და შეთანხმებული სანქციების მომხრეა და რეზოლუციას "სუსტ პოლიტიკურ გზავნილად" აფასებს.
გრეგოროვა ამავე ინტერვიუში საუბრობს საქართველოში პოლიტპატიმრებზე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, რომელიც დაკავებიდან ამ დრომდე, 22 დღეა შიმშილობს, ევროპარლამენტარი ამბობს რომ უმნიშვნელოვანესია ვიოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სახელმწიფო უზურნველყოფდეს მის კეთილდღეობას.
"ეს [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მისი [მზია ამაღლობელის] მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია და უნდა უზრუნველყონ მისი კეთილდღეობა...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გყავს პოლიტპატიმრები, ძირითადი წესებია, უზრუნველყო ისინი საჭირო სამედიცინო მკურნალობით, ჯანდაცვითა და ყველაფრით. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს, ის პოზიციონირებს ბელარუსისა და რუსეთის გვერდით. ეს არის საკმაოდ მკაფიო შეფასება და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი რამ" - ამბობს ევროპარლამენტარი.
ის საქართველოს ხელისუფლების გარდა აკრიტიკებს ევროკავშირსაც, რომელმაც მისი შეფასებით, სათანადოდ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები საქართველოში "ქართული ოცნების" მხრიდან ხელისუფლების მიტაცების შესაჩერებლად.
"მე პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც სალომე ზურაბიშილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა, რადგან საქართველო ბელარუსი არ არის. ბელარუსს, სამწუხაროდ, არასდროს ჰქონია დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველომ კი დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლო 30 წლის განმავლობაში ააშენა. მათი ერთ წუთში გაანდგურება შეუძლებელია, მათი დაცვა კი შეიძლება, მაგრამ ამისთვის სხვადასხვა აქტორების და ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილი ამას მარტო ნამდვილად ვერ გააკეთებდა.
ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიზანმიმართული სანქციებით, ბევრად უფრო ძლიერი რეაქციით, მხარი დაეჭირა ამ მოძრაობისთვის. არა ჩარევით, არამედ იმის მხარდაჭერით და იმ იმპულსის შენარჩუნებით, რაც ადგილზე იყო.
მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ეს ფანჯარა. არცერთი რეზოლუცია აღარ შეცვლის ამას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს დღემდე ძალიან ვუჭერ მხარს, როგორც აღვნიშნე, ასევე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. [საქართველოში] ახალი პრეზიდენტია და ჩვენ არ გვექნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა იქამდე, ვიდრე რამე დრამატულად არ შეიცვლება. მაგალითად, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, რაც, რა თქმა უნდა, მთელ რეგიონს სრულიად შეცვლის" - ამბობს ევროპარლამენტარი.
საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 50-ზე მეტი მოქალაქე.
12 იანვარს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მზია ამაღლობელი 22 დღეა შიმშილობს. შიმშილობის მე-16 დღეა ბათუმშივე დაკავებული ეთნიკურად ქართველი თურქეთის მოქალაქისთვის, თემურ ქათამაძისთვის, რომელიც "ბათუმელი მედროშის" სახელით არის ცნობილი აქციებზე მოსიარულე ადამიანებისთვის. პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად მეოთხე დღეა შიმშილობს დმანისში დრამატურგი ლაშა ჩხვიმიანი.