რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისევ დრონებით შეტევა იყო
რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“.
გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლოკალიზებულია“. რამდენად ასახავს ეს ინფორმაცია რეალობას, დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.
დრონებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს ვოლგოგრადის აეროპორტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 25 უკრაინული დრონი „გაანადგურეს“.
ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 31 იანვარსაც. ქარხანა კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
31 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ქარხანაზე დარტყმა უკრაინის ოპერაცია იყო.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.